English / ქართული / русский /
თამაზ გამსახურდიათეიმურაზ ფესტვენიძე
მენეჯერის ინტელექტუალური დონის ამაღლება - ეფექტური მმართველობითი გადაწყვეტილებების გარანტი

ანოტაცია. შრომაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ხელისუფლების მიერ სწორად განხორციელებულ ეკონომიკურ პოლიტიკასა და მეცნიერულად გაანალიზებულ ბიზნესგარემოს ეფექტურ განვითარებაზე, რომელიც ადამიანური რესურსების დენადობის შემცირებასა და რაციონალურ გამოყენებასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. 

როგორც ცნობილია, ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური პოტენციალი და მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა თითქმის განადგურებულია და მისი აღდგენა-განვითარება სოლიდურ კაპიტალდაბანდებას საჭიროებს. ამიტომ ხელისუფლება უნდა ცდილობდეს მოიზიდოს ინვესტიციები და სასახელო ტრადიციების მქონე ქართულ მეცნიერებას მიეცეს საშუალება, 21-ე საუკუნეში მეცნიერული კვლევებისა და გამომგონებლობის დარგში ავტორიტეტული სიტყვა თქვას, რაც ახალი დასაწყისი იქნება სამეწარმეო საქმიანობის მაღალი ტემპით განვითარებისათვის.

ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურად ძლიერი და წელგამართული რომ იყოს საქართველოში მცხოვრებმა ადამიანებმა უნდა გაათვითცნობიერონ, რომ მხოლოდ გააზრებული და ეფექტური შრომის შედეგად შეიძლება სასურველი შედეგების მიღწევა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის კეთილდღეობას. ჩვენ გაცილებით მეტი რესურსი გვაქვს ვიდრე გვგონია, გაცილებით მეტი ვიდრე ბუნებრივ რესურსებს შეუძლია შემოგვთავაზოს. მაღალი ინტელექტუალური დონის მქონე ერს შეუძლია ძალიან მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიოს თავისი ინტელექტის ხარჯზე, ამის ნათელი მაგალითებია ისრაელისა და სამხრეთ კორეას ახალგაზრდა სახელმწიფოების არნახული მიღწევები ბუნებრივი რესურსების ღრმა დეფიციტის პირობებში.

ქვეყნის კეთილდღეობის ამაღლება შესაძლებელია არა მხოლოდ ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმებითა და პრაქტიკული ღონისძიებებით, არამედ მშრომელ ადამიანებთან მჭიდრო კონტაქტებითა და დაუღალავი შრომით.
საკვანძო სიტყვები: ფინანსები, ინვესტიცია, რესურსები, ინტელექტი, დემოგრაფია.

* * *

ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ხელისუფლების მიერ სწორად განხორციელებული ეკონომიკურ პოლიტიკასა და მეცნიერულად გაანალიზებულ ბიზნესგარემოს ეფექტურ განვითარებაზე, რომელიც ადამიანური რესურსების დენადობის შემცირებასა და რაციონალურ გამოყენებასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ამავე დროს საჭიროა მეცნიერულად გააზრებული რეფორმების გატარება, რომელიც მკვეთრად შეცვლის ადამიანის მოტივაციასა და მის ყოფა-ცხოვრებას.

საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან, ეროვნულმა ხელისუფლებამ წარმატებული ნაბიჯები გადადგა ქვეყნის აღმშენებლობის თვალსაზრისით, მაგრამ ეს ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. ამ დროიდან მოყოლებული, ქვეყანა ვერ ჩადგა ნორმალური ცხოვრების კალაპოტში. სწორედ 1992 წლიდან იწყება ქვეყნის ნგრევა. 1996 წლის ბოლოს ე.წ. მიწის კანონს, ანუ მიწის რეფორმას, ერთი უმარტივესი მიზანი ჰქონდა - ეროვნული სიმდიდრის ხელში ჩაგდება და ეროვნული ქონების მასობრივი დატაცება. ზუსტად იგივე მოხდა, როცა სახელმწიფო ქონების არასწორი პრივატიზაციის ჩატარების შედეგად ერთი მუჭა „მოძალადეების“ ხელში აღმოჩნდა და უზარმაზარი მრავალმილიარდიანი ქონება, ათასობით ქარხანა დახურეს და ჯართად გაყიდეს, რამაც დასაბამი მისცა ქვეყანაში კრიზისის დაწყებას.

საქართველოს აქვს იმის რესურსი, რომ ევროპაში ერთ-ერთ გამორჩეულ ქვეყნად ითვლებოდეს.

საერთოდ მიჩნეულია, რომ ჩვენი და ევროპის ხალხების ბედი ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით განვითარდა. ქართულმა ცივილიზაციამ, რომელსაც ბევრად უფრო ძველი და საამაყო წარსული აქვს, ვიდრე ნებისმიერ თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოს, ადრიანად დაიპყრო კულტურის, ხელოვნებისა და პოლიტიკური ცხოვრების მწვერვალები. თამარის დროს თუ თბილისის მოსახლეობა 250000 კაცს აჭარბებდა, მაშინდელი ლონდონისა და პარიზის მცხოვრებთა საერთო რაოდენობა სულ რაღაც 8-12 ათასი იყო. აღარაფერს ვამბობთ იმის შესახებ, რომ საქართველოს ბიუჯეტი „ოქროს ხანის“ დროს ინგლისისა და საფრანგეთის გაერთიანებულ ბიუჯეტს აჭარბებდა. მაშინ მოსახლეობის პრიორიტეტი იყო ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერება და თვითგანვითარების განმტკიცება. ასევე დიდი იყო პატრიოტული სულისკვეთება და სამშობლოსადმი სიყვარული. საბოლოოდ ეს აისახა ქართველი ერის კონსოლიდაციასა და ახალ-ახალი იდეების განხორციელებაში.

ქვეყანაში ადრე არსებული სოციალურ-ეკონომიკური პოტენციალი და მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა თითქმის განადგურებულია და მისი აღდგენა-განვითარება სოლიდურ კაპიტალდაბანდებას საჭიროებს. ამიტომ ხელისუფლება უნდა ცდილობდეს მოიზიდოს ინვესტიციები და სასახელო ტრადიციების მქონე ქართულ მეცნიერებას მიეცეს საშუალება, 21-ე საუკუნეში მეცნიერული კვლევებისა და გამომგონებლობის დარგში ავტორიტეტული სიტყვა თქვას, რაც ახალი დასაწყისი იქნება სამეწარმეო საქმიანობის მაღალი ტემპით განვითარებისათვის.

რა დასამალია, რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანური რესურსების გამოყენების ეფექტიანობის კოეფიციენტი ძალიან დაბალია, რაც ქვეყნის წინსვლაზე უარყოფითად აისახება. როგორც სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა, დიდი ჩამორჩენა გვაქვს მეცნიერების დარგებში და ეს იმიტომ, რომ წლების განმავლობაში სახელმწიფო არანაირ ყურადღებას არ იჩენდა მეცნიერების მიმართ. რა არის სახელმწიფო (ხელისუფლება) თუ არა ადამიანური რესურსებით, ცოდნით, კვალიფიციური სპეციალისტებით, გამოცდილი და პროფესიონალი ადამიანებით დაკომპლექტებული აპარატი, რომელიც იღწვოდეს და დიდ ენერგიას ხარჯავდეს საკუთარი ქვეყნისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებისათვის. როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ მმართველობით სტრუქტურებში მომუშავე არაკომპენტენტური, დაბალკვალიფიციური გამოუცდელი, და მხოლოდ ნაცნობობითა და პარტიული ნიშნით შერჩეული სახელმწიფო მოხელეები ანგარიშვალდებული არიან არა მოსახლეობის წინაშე, არამედ იმათ მიმართ, ვინც მათ ეს თანამდებობა უბოძა. აქედან გამომდინარე, ქვეყნა ვერ გამოდის ეკონომიკური კრიზისიდან და მოსახლეობას მძიმე პირობებში უხდება ცხოვრება. ამას ემატება მოსახლეობის შიგა და გარე მიგრაცია, თანდათან იცლება სოფელი, განსაკუთრებით მთიანი რეგიონები. ასევე მცირდება თბილისისა და ბათუმის ხარჯზე სხვა ქალაქების მოსახლეობის რაოდენობა. არადა ჩვენი ქვეყანა ტრადიციულად რეგიონებითა და სოფლით იყო ძლიერი. სოფლის დასუსტება ქვეყნის დანგრევას ნიშნავს.ამ პროცესს პატარ-პატარა რეგულაციებითა და ერთეული საკანონმდებლო აქტებით არ ეშველება, აქ უფრო საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინება, მძლავრი რეფორმები და ქმედებებია საჭირო.

ჩვენი აზრით, თვითმმართველობის ორგანოებში ასარჩევი კანდიდატურები უნდა იყოს შერჩეული ცივი გონებით, „სუფთა ხელებით“, რაც ნიშნავს, რომ პიროვნება უნდა იყოს პატიოსანი, განათლებული, ინტელექტუალური, პროფესიონალი, გამოცდილი და სიღრმისეულად გრძნობდეს მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას. სწორედ ასეთი მიდგომებით უნდა ვირჩევდეთ ღირსეულ კანდიდატს, რომელსაც აქვს სტრატეგიული ხედვა, შემოქმედებითად უდგება უფლება-მოვალეობის შესრულებას და წარმატებით აღწევს შედეგებს.

წინა საუკუნეში მოსახლეობას ქალაქად თუ სოფლად უკეთესი პირობები ჰქონდა მაშინ, როცა საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგებს შორის ყველაზე მეტი იყო პურეული კულტურის ხვედრითი წილი. მე-19 საუკუნეში ყანების ფართობი თანდათან იზრდებოდა. აღმოსავლეთ საქართველოში წამყვანი იყო ხორბალი და ქერი. მეტ-ნაკლები რაოდენობით თესავდნენ სიმინდს, შვრიას, ჭვავს, ფეტვს, ბრინჯსა და სხვა კულტურებს. ხოლო დასავლეთ საქართველოში სახნავ-სათესი მიწების უდიდესი ნაწილი ეკავა სიმინდს, რომელიც თითქმის მონოკულტურას წარმოადგენდა გურია-სამეგრელო-აფხაზეთსა და ქვემო იმერეთში. სიმინდის ყანებში, ჩვეულებრივ, ლობიოც ითესებოდა, პურსა და ქერს შედარებით მეტი ფართობი ეკავა რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთსა და ზემო იმერეთში. როგორც ცნობილია, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთში გამოყვანილი მაღალი საგემოვნო თვისებების მქონე ლობიოს მოსავალმაც იკლო, რასაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მაღალი მოთხოვნადი ლობიოს მოსავლიანობის გადიდებას. საქართველოს მოსახლეობისათვის მევენახეობა-მეღვინეობას ძველთაგანვე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ სოფლის მეურნეობისა და შინა მრეწველობის ამ დარგმა სავაჭრო-სასაქონლო ხასიათი მიიღო მე-19 საუკუნეში, ხოლო მომდევნო საუკუნეში მან დიდი მოწონება და აღიარება პოვა მსოფლიოში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართული ღვინის ბრენდი მილიონობით ბოთლი იგზავნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. უკანასკნელ პერიოდში ქართულ ღვინოებზე სულ უფრო იზრდება მოთხოვნა.

საქართველოს მთიან ზონაში მეცხოველეობა სოფლის მეურნეობის წამყვან დარგს, მოსახლეობის კეთილდღეობის ძირითად საფუძველს წარმოადგენდა. დაბალ მთიან ზონასა და ბარის რეგიონებში მას ჰქონდა დამხმარე მნიშვნელობა.

ქართლ-კახეთში მეცხოველეობის განვითარება-გაფართოების მთავარი საფუძველი იყო ალპური საძოვრები და მოურწყავი ველები, რაც ზამთრის საძოვრებს წარმოადგენდა. ბევრი პირუტყვი ჰყავდათ იმ სოფლებში, რომელთა მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა ესარგებლა როგორც საზაფხულო, ისე ზამთრის საძოვრებით. დასავლეთ საქართველოში, კერძოდ მთიანეთში, საზაფხულო საძოვრები ბევრი იყო, ზამთრის საძოვრები კი მეტისმეტად მცირე. შედარებით მეტი პირუტყვი ჰყავდა სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, აფხაზეთისა და აჭარის მცხოვრებთ.

როგორც ცნობილია, 1909-1913 წლებში მთელ საქართველოში ყოველწლიურად აღირიცხებოდა ცხენი 134800, ხარი, მსხვილფეხა საქონელი 1268800, კამეჩი 178400, ღორი და გოჭი 700000, ცხვარი 2145000, თხა 233400. 1913 წელს 3,6 მლნ ყველა სახის შინაური პირუტყვი აღირიცხა. 1916 წლისათვის შემცირდა 2590000-მდე, ანუ 1010000 ნაკლები ვიდრე ეს იყო 1913 წელს.
საქართველოში მეფრინველეობას ფეოდალიზმის ხანაშიც მისდევდნენ, მაგრამ ძირითადად შინაური მოხმარებისათვის. მე-19 საუკუნეში ამ დარგმა თანდათან მიიღო სასაქონლო-სავაჭრო ხასიათი. 90-იან წლებში გურია-სამეგრელოსა და ქვემო იმერეთში ყოველ კომლზე საშუალოდ მოდიოდა 350-400 ფრთა ქათამი, ინდაური, იხვი და ბატი. ფრინველი და კვერცხი დიდი რაოდენობით ჩამოჰქონდათ ქალაქებში. მარტო თბილისში იგზავნებოდა ყოველწლიურად 525 ათასი ქათამი, 630 ათასი ვარია, 90 ათასი ინდაური. მე-20 საუკუნის დამდეგს დასავლეთ საქართველოდან ყოველწლიურად გასაყიდად გაჰქონდათ 2,5 მლნ მანეთის მეფრინველეობის პროდუქტები. 1,2 მლნ მანეთის კვერცხი იგზავნებოდა ლონდონში, პარიზში, ბერლინსა და ჰამბურგში. 1913 წელს დასავლეთ საქართველოდან რკინიგზით გაიგზავნა 157 ათასი ფუთი კვერცხი. მეაბრეშუმეობა საქართველოს სახალხო მეურნეობის ერთ-ერთი ძველი დარგი იყო. იმთავითვე გამოირჩეოდა შედარებით მაღალი სავაჭრო-სასაქონლო მნიშვნელობით. XVII-XVIII საუკუნეებში ქართველი ვაჭრები აბრეშუმს საცვლელ ღირებულებადაც კი იყენებდნენ, სპარსულ და რუს ვაჭრებს საქონელში ფულის ნაცვლად აბრეშუმის გარკვეულ რაოდენობას აძლევდნენ. XIX საუკუნის 40-იან წლებში ყოველწლიურად ამზადებდნენ 1000-1500 ფუთ აბრეშუმის ძაფს. ერთი ფუთი აბრეშუმი ხარისხის შესაბამისად 55-110 მანეთად იყიდებოდა. ძაფის დიდი ნაწილი რუსეთსა და უცხოეთში იგზავნებოდა. მცირე ნაწილს თვით შინამრეწველები იყენებდნენ ქსოვილების დასამზადებლად. მეფუტკრეობას საქართველოში მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს. ჩვენთვის საინტერესო ეპოქაში მისი მასშტაბი და ხარისხი გაიზარდა, მაგრამ მკვეთრი გარდატეხა არ მომხდარა. ქართულმა რუხმა ფუტკარმა საყოველთაო ყურადღება დაიმსახურა, იგი საუკეთესოდ აღიარეს მსოფლიოს მასშტაბით, თაფლისა და სანთლის წარმოების რაოდენობრივი მაჩვენებლები ნელა იზრდებოდა. 1913 წელს საქართველოში აღირიცხა მეფუტკრეობის 6376 მეურნეობა და 53105 ძირი სკა. 1919 წელს მეფუტკრეებმა მიიღეს 35000 ფუთი თაფლი და 3700 ფუთი სანთელი. ბაზარზე გაიტანეს 15355 ფუთი თაფლი და 3374 ფუთი სანთელი, რაშიც მიიღეს 129839 მანეთი. ვინ მოთვლის რა სახის კულტურები არ მოჰყავდათ ქართულ მიწაზე, კერძოდ ბამბის კულტურას საქართველოში საკმაოდ დიდი ისტორია აქვს, მაგრამ ბამბის პლანტაციების ფართობი მკვეთრად გაიზრდა XIX საუკუნის 60-იანი წლების დამდეგს, მას შემდეგ, რაც სამოქალაქო ომმა შეაფერხა ბამბის იმპორტი აშშ-დან, რუსმა ფაბრიკანტებმა დიდი მოთხოვნილება წამოუყენეს იმპერიის სამხრეთ რეგიონებს. მებამბეობის ძირითადი რეგიონი იყო იმერეთი, XIX საუკუნის შუახანებში წლიურად იღებდნენ 3 ათას ფუთ ბამბას. 1863 წელს მოიწიეს 10000 ფუთი, ხოლო 1864 წელს 50000. ქართული ბამბა გაჰქონდათ რუსეთში და მცირე რაოდენობით საზღვარგარეთაც. ეს მცირე მონახაზი იმიტომ გავაკეთეთ, რომ ახალგაზრდა თაობამ იცოდეს, ტექნიკის უქონლობის პერიოდში ჩვენი წინაპრები თუ რა მძიმე ფიზიკური შრომით რა დიდ წარმატებებს აღწევდნენ სოფლის მეურნეობის დარგებში. დღეს უფრო მეტი რესურსები არსებობს, მაგრამ ისეთი შემართება და მონდომება არ არის, როგორც მაშინ იყო.

ჩვენ გაცილებით მეტი რესურსი გვაქვს ვიდრე გვგონია. ჩვენ გვაქვს გაცილებით მეტი ვიდრე ბუნებრივ რესურსებს შეუძლია შემოგვთავაზოს. მაღალი ინტელექტუალური დონის მქონე ერს შეუძლია ძალიან მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიოს თავისი ინტელექტის ხარჯზე, ამის ნათელი მაგალითებია ისრაელისა და სამხრეთ კორეას ახალგაზრდა სახელმწიფოების არნახული მიღწევები ბუნებრივი რესურსების ღრმა დეფიციტის პირობებში.

საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო აგრობიზნესის სფეროში და ახლაც საშურია რომ შევინარჩუნოთ მიღწეული სიმაღლეები. ქვეყანას, მიუხედავად მცირე მიწიანობისა, შეუძლია ძალიან ბვერი ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი მიაწოდოს მსოფლიოს.

წინა ხელისუფლებასთან შედარებით, ქართულმა ოცნებამ გარკვეული ქმედითი ნაბიჯი გადადგა სოფლის მეურნეობის წინსვლის, მოსახლეობის ჯანმრთელობის, საყოფაცხოვრებო და მართლწესრიგის გაუმჯობესების მიმართულებით, მაგრამ ეს არასაკმარისი აღმოჩნდა, რადგან ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმები და გაკეთებული კეთილშობილურ საქმეებზე გამოყოფილი ფინანსური რესურსები უყაირათოდ და არამიზნობრივად იყო გამოყენებული არა მარტო აღმასრულებელი ჩინოვნიკების, არამედ უშულოდ მიმღებების (ბენეფიციარების) მხრიდან. დანგრეული მეურნეობის აღდგენას კოლოსალური დაბანდება და ათეული წლები სჭირდება, მაგრამ ქართველი კაცის პატრიოტული სულისკვეთების და თავის სამშობლოსადმი დიდი სიყვარულით ყველაფრის დაძლევაა შესაძლებელი.

როგორც იტყვიან, ადამიანს სამშობლოს სიყვარულით უნდა უძგერდეს გული და დასახულ მიზნებს აღწევდეს თავისი პატიოსანი შრომით. როცა უმრავლესობა ასე ფიქრობს, ერს გადაშენება არ უწერია. მოვიკრიბოთ ძალა და ენერგია რათა ქვეყანა ვიხსნათ კრიზისისაგან. ამის ნათელი მაგალითია ვანის რაიონის მაღალმთიანი სოფელ უხუთის გამგებელი ვიტალი ოქროპილაშვილი. რომელიც ენერგიით სავსე ადამიანია. დღენიადაგ თავის მშობლიურ სოფელზე მოფიქრალი კაცია, რომელიც ციბრუტივით ტრიალებს, შრომით არ იღლება, სურს სოფელი იყოს ეკონომიკურად ძლიერი. უნდა აღინიშნოს, რომ გულანთებული სოფლის თავკაცის მცდელობას ხელს უწყობს ლამაზი სოფლის ლანდშაფტი და ზომიერი ჰავა. სოფელში ჩამოედინება მთის კამკამა ცივი მდინარე „კვინიწყალი“, რაც შესაძლებლობას იძლევა აქ აშენდეს ადამიანის ჯანმრთელობის რეაბილიტაცისათვის დასასვენებელი სახლები და სპორტული ობიექტები. როგორც ვიტალი ოქროპილაშვილის საუბრიდან ირკვევა, სოფელში ჩამოსული ყოფილან ფრანგი ინვესტორები, რომლებსაც ძალიან მოსწონებიათ უხუთის თოვლიანი მთების, როგორც სამთო-სათხილამურო კომპლექსის პერსპექტიული ადგილი. თუ ეს იდეა განხორციელდა, სოფელი მართლაც მოღონიერდება, მოეწყობა მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა და იმერეთში სოფელი უხუთი გახდება ტურისტულ და სპორტულ სფეროში სანახაობის სავიზიტო ბარათი.

ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურად ძლიერი და წელგამართული რომ იყოს, საქართველოში მცხოვრებმა ადამიანებმა უნდა გაათვითცნობიერონ, რომ გააზრებული ეფექტური შრომის შედეგად შეიძლება მიღწეულ იქნეს სასურველი შედეგები, რომლებიც უზრუნველყოფს ქვეყნის კეთილდღეობას.

ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ნელ-ნელა დაიწყო წარმატების მოპოვება. თუ 2012 წელს პროდუქციის გამოშვებამ 23,096.0 მლნ ლარი შეადგინა, 2017 წლის ბოლოსათვის მან მიაღწია 38,206.8 მლნ ლარს, ანუ 65,4%-ით გაიზარდა პროდუქციის გამოშვება. ამავე წლებში მსხვილ წარმოებაში პროდუქციის გამოშვებამ შეადგინა შესაბამისად 19,002.5 მლნ ლარი და 30,791.0 მლნ ლარი, ანუ 62,0 %-ით გაიზარდა. საშუალო წარმოებაში 1.740.2 მლნ ლარი და 3631.7 მლნ ლარი, ანუ გაიზარდა 108.6%-ით; მცირე წარმოებამ 212 წელს აწარმოა 2,353.3 მლნ ლარის, ხოლო 2017 წელს კი 3,784,2 მლნ ლარის პროდუქცია. ანუ გაიზარდა 60.8%-ით.

სტატიკური მონაცემებიდან იკვეთება შემდეგი სურათი: პროდუქციის გამოშვება ეკონომიკური საქმიანობის მიხედვით 2012 წელთან შედარებით 2017 წელს _ ნადირობასა და სატყეო მეურნეობაში პროდუქციის ზრდამ 84,2% შეადგინა, თევზჭერისა და მეთევზეობის პროდუქცია გაიზარდა 4,8-ჯერ. მრეწველობაში გაიზარდა 57,4%-ით. მშენებლობაში 59,2%-ით, ვაჭრობის, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი გაიზარდა 72.1%-ით. სასტუმრო და რესტორნების მომსახურება 107,4%-ით (ეს გამოწვეული იყო იმით, რომ საზღვარგარეთიდან ტურისტების შემოდინება საგრძნობლად გაიზარდა, ეს, რა თქმა უნდა, დადებით ტენდენციად უნდა მივიჩნიოთ), ხოლო ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მომსახურება 52%-ით. ქვეყანაში იზრდება უძრავი ქონების, იჯარისა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევის ოპერაციები 99,8%-ით. განათლებაში კი 115.2%-ით. ჯანდაცვა და სოც. მომსახურება 129,5%-ით, ხოლო კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა წინა წელთან შედარებით 16,2%-ით გაიზარდა. პროდუქციის გამოშვება ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით ზრდის ტენდენციით ხასიათდება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღნიშნული მაჩვენებელები სრულად უზრუნველყოფს მოსახლეობის დღევანდელი გაზრდილი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. თანამედროვე ეტაპზე ქვეყნის ყველაზე მწვავე და მნიშვნელოვანი პრობლემაა არასახარბიელო დემოგრაფიული მდგომარეობა, რომელიც უარყოფითად აისახება ერის მომავალზე. მაგალითად, თუ 1994 წელს ადამიანების პოპულაციის ბუნებრივი მატება იყო 6,985 მლნ, 2018 წლისთვის ეს რიცხვი 4,614 მლნ-მდე, ანუ 33,9%-ით შემცირდა.

ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ კადრების შერჩევა არსებული მეთოდებით არავითარ ლოგიკას არ ექვემდებარება. უმრავლესობა, მუნიციპალიტეტებსა და ზემდგომ სახელისუფლებო შტოებში ჩინოსნები უფლებამოსილებისა და პასუხისმგებლობის პარამეტრებს ვერ პასუხობენ... თანამდებობის პირები დღენიადაგ იმის ზრუნვაში უნდა იყვნენ, რომ არსებული პრობლემების გადაჭრაში დაეხმარონ და იზრუნონ მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე. სახელმწიფო მოხელეები სისტემატურად უნდა ხვდებოდნენ მოსახლეობას, ეცნობოდნენ მათ ყოფა-ცხოვრებას.

ნათქვამია, ასჯერ წაკითხულს ერთხელ ნანახი სჯობიაო. ქართველმა ჩინოვნიკებმა ყურად იღონ ის ბრწყინვალე მაგალითი, როდესაც საფრანგეთში ყვითელი ჟილეტებით გამოვიდნენ, იცით, პირველი რა გააკეთა საფრანგეთის პრეზიდენტმა? 5 თვის განმავლობაში ქალაქ-ქალაქ, სოფელ-სოფელ დადიოდა და ხალხს უსმენდა. ბოლოს გამოვიდა და თავისი სიტყვა თქვა, ყველა მოთხოვნა, რაც ფრანგებმა მთავრობას წაუყენეს, შეასრულა.

ქვეყანაში ბევრი კარგი რამე კეთდება, მაგრამ ვერა და ვერ პოვა სრულყოფილად ასახვა ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში. ინტენსიურად უნდა განვითარდეს ის დარგები და ქვედარგები, რომლებიც ქართველ ხალხს ხელეწიფება და სურვილი აქვს აწარმოოს, ასეთი კი მრავალი სახეობის კონკურენტუნარიანი პროდუქციაა. ახლახან პრემიერ-მინისტრმა მ. ბახტაძემ გააჟღერა და ქართველ ხალხს ამცნო, რომ 2020 წლიდან ქუთაისში ჩინური საავტომობილო კორპორაცია „ჩანგანი“ ელექტრომობილების წარმოებას დაიწყებს. ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება კი საშუალებას გვაძლევს, ჩვენთან წარმოებული ავტომობილები ექსპორტზე გავიტანოთ, რაც ეკონომიკური თვალსაზრისით წინგადადგმული ნაბიჯია. ნამდვილად საამაყოა წარწერით MADE IN GEORGIA მსოფლიომაც გაგვიცნოს. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში რამდენიმე ათეული ავტომწარმოებელი კომპანია მუშაობს და საკმაოდ დიდია კონკურენცია „ჩანგანმა“ ძალიან მალე მოიპოვა ლიდერის სტატუსი და დღემდე ასე გრძელდება. როგორც საქართველოში „ლადას“ ცენტრის დირექტორი და „ჩანგანის“ პირველი წარმომადგენელი გოჩა როსტიაშვილი აღნიშნავს, საწყის ეტაპზე მაკომპლექტებელი ნაწილებით ჩვენი ქვეყნის მომარაგებას თავად ჩინური კომპანია უზრუნველყოფს. ასე ვთქვათ, თავდაპირველად ქუთაისში მანქანები მხოლოდ აიწყობა, თუმცა დროთა განმავლობაში საქართველო თავად დაიწყებს მაკომპლექტებელი დეტალების დამზადებას, რაც თავისთავად შექმნის ახალ სამუშაო ადგილს. ვფიქრობთ, თუ სიტყვა საქმედ ვაქციეთ, მაშინ ქუთაისს მიეცემა შანსი, ინდუსტრიული ქალაქის იმიჯი აღიდგინოს. ეს ყველა ქართველის ოცნებაა და მით უმეტეს ქუთათურებისათვის. ჩვენი დაკვირვვება გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ქუთაისი ნელ-ნელა იღვიძებს და იკრებს ძალას. ქუთაისი იყო რესპუბლიკის მრეწველობის განვითარების ტონის მიმცემი. ერთ-ერთ ინტერვიუში იმერეთის მხარის ყოფილი გუბერნატორი თეიმურაზ შაშიაშვილი ავტოინდუსტრიის განვითარებასთან დაკავშირებით აღნიშნავდა, რომ საბჭთა პერიოდში ამ მრეწველობის ცენტრად ქუთაისი იქცა, სადაც 1950 წელს პირველი ავტომობილი გამოვიდა. ქუთაისში არა მხოლოდ მანქანები იწარმოებოდა, არამედ სპეცტექნიკა, ტრაქტორები, სამხედრო ტექნიკა, ჯავშანტრანსპორტიორები, ელექტროტექნიკა, მაღაროების ელექტროკარები, ნავთობ და წყალსაქაჩი ჩასაყვინთი ტუმბოები და აქვე იყო ყოფილი საბჭოთა ქვეყნის მასშტაბით შვეულმფრენების ძრავების შემკეთებელი ერთ-ერთი უდიდესი საწარმო. ავტომობილებისა და სპეცტექნიკისათვის მაკომპლექტებელი დეტალებიც აქვე მზადდებოდა. საუბარია დაახლოებით 10 საწარმოზე, რომლებიც მოიცავდა ავტო და სატრაქტორო, ელექტრომექანიკურ მრეწველობას, რეზინების წარმოებას და ა.შ. იმდროინდელი ტექნოლოგიით სამუშაოები უმაღლეს დონეზე სრულდებოდა და ქართულ პროდუქციას ძალიან გამოცდილი მუშახელი ქმნიდა. აღნიშნული ტექნიკა და ტექნოლოგიები განადგურდა, მაღალკვალიფიციური და გამოცდილი კადრები გადაკვალიფიცირდნენ ბაზრობების ხელზე მოვაჭრეებად. იმავდროულად ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიუტი ამარაგებდა არსებულ საწარმოებს მომზადებული კვალიფიციური სპეციალისტებით.

ჩვენს ქვეყანაში დღითიდღე იზრდება ტურისტების ნაკადი, რადგან ისინი დაინრტერესებულნი არიან ჩვენი ერის წარსულით, ისტორიული ძეგლებით თუ ეკლესია-მონასტრებით, რომლებსაც თავისი ხიბლი და მიმზიდველობა არ დაუკარგავს. ანცვიფრებთ ხალხის სტუმარმასპინძლობა, საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ოფიციალური ინფორმაციით 2019 იანვრის მონაცემებით ჩვენს ქვეყანაში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 5,9 %-ით გაიზარდა. შარშანდელ წელთან შედარებით აღინიშნა ტურისტების მნიშვნელოვანი ზრდა ევროკავშირის ქვეყნებიდან, პოლონეთიდან 130,5%-ით, ჩეხეთიდან 96%-ით, ესპანეთიდან 65%-ით, ლატვიიდან 63%-ით, გერმანიიდან 46,6%-ით, ლიტვიდან 40,8%-ით და ა.შ. უფრო დიდი ზრდა დაფიქსირდა უზბეკეთიდან 2017%-ით, ისრაელიდან 132%-ით და ყირგიზეთიდან 112%-ით. რუსეთიდან ტურისტთა რაოდენობა 168%-ით გაიზარდა. თუ შარშან იანვარში საქართველოში რუსეთიდან 73538 ვიზიტორი შემოვიდა, წელს ამ რაოდენობამ 8922 შეადგინა და, რაც საგულისხმოა, ირანიდან საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა 41%-ით შემცირდა, თურქეთიდან კი 20,2%-ით. ტურისტების რაოდენობის ზრდა ხელისუფლებისგან მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას და კონტროლს. აგრეთვე ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო მაღალ დონეზე განვითარებას.

დასკვნა. ქვეყნის კეთილდღეობის ამაღლება შესაძლებელია არა მხოლოდ ხელისუფლების მიერ მრავალმხრივი და მრავალჯერ გატარებული რეფორმებითა და პრაქტიკული ღონისძიებებით, არამედ, უპირველეს ყოვლისა, მენეჯერებისა და სახელმწიფო მოხელეების ინტელექტუალური დონის ამაღლებით, მშრომელ ადამიანებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებთან მჭიდრო კონტაქტებით, დაუღალავი შრომითა და სხვა მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით.

გამოყენებული ლიტერატურა

1. თ. გამსახურდია, თ. ფესტვენიძე. ქვეყანაში არსებული რესურსების რაციონალური გამოყენებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლების ზოგიერთი ასპექტი. ა. გუნიას დაბადების 105 წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო ინტერნეტკონფერენციის მასალები. გვ. 163-171, თბილისი, 2017.
2. თ. გამსახურდია. ადამიანური რესურსების გამოყენების ზოგიერთი საკითხი. პ. გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დაარსებიდან 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო პრაქტიკული კონფერენციის მასალების კრებული, გვ. 225-228, თბილისი, 2014.